ზელენსკი – NATO–ს სამიტზე: ვმუშაობთ, რომ წევრობის ალგორითმი მაქსიმალურად მკაფიო და სწრაფი იყოს
10/07/2023 19:08:39 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ნატო–ს სამიტზე მონაწილეობაზე, რომელიც 11 ივლისს ვილნიუსში იწყება და თქვა, რომ ის შეიძლება, გახდეს „ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს სახელმწიფოს და მთლიანად ალიანსს სჭირდება“.
„სხვადასხვა პოზიციების გაჟღერების შემთხვევაშიც კი ცხადია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა, ახლა ომია, მაგრამ მკაფიო სიგნალი გვჭირდება. და სიგნალი ახლაა საჭირო“, - თქვა მან.
ზელენსკის თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს კიევს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა, გარდა საკუთარი თავისა, ასევე იცავს ევროპისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებას.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ფორმულირებაზე, ანუ კონკრეტულ სიტყვებზე ასეთი დადასტურების შესახებ, მაგრამ უკვე გვესმის, რომ უკრაინა იქნება ალიანსში, ვმუშაობთ, რომ წევრობის ალგორითმი იყოს რაც შეიძლება მკაფიო და სწრაფი. უკრაინის მთელი გუნდის მუშაობა გაგრძელდება ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ დააანონსა მთელი რიგი ორმხრივი შეხვედრები ევროპის ქვეყნების, შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის წარმომადგენლებთან:
„პრიორიტეტები საკმაოდ აშკარაა - ეს არის საჰაერო თავდაცვა ჩვენი ქალაქებისთვის, ქვეყნის ყველა თემისთვის, ჩვენ ვმუშაობთ სრულფასოვანი საჰაერო ფარის შესაქმნელად. ასევე საუბარია იარაღზე - ვილნიუსში იქნება მოლაპარაკებები ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ სიცოცხლის დაცვისა და ჩვენი საერთო უსაფრთხოების სხვა ასპექტებზე“, - დასძინა მან.
ნატოს სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება, მოსალოდნელია გადაწყვეტილებების მიღება ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზე. ნატოს წევრები ასევე გეგმავენ მიიღონ კიევისთვის გრძელვადიანი დახმარების პაკეტი.


