სტოლტენბერგი: მე მხარს ვუჭერ თურქეთის ამბიციებს, გახდეს ევროკავშირის წევრი
10/07/2023 14:28:16 მსოფლიო
"მე მხარს ვუჭერ თურქეთის ამბიციებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, იმ პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთს ალიანსში გასაწევრიანებლად უნდა დაეკმაყოფილებინა და ქვეყანამ ეს პირობები დააკმაყოფილა", – ასე უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტის კითხვას, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის გაწევრიანება ევროკავშირში თურქეთის შესვლას დაუკავშირა.
"შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას, რაც შესრულდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც შესრულდა. შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვუპასუხოთ ყველა მოკავშირის ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოების შესახებ, ვისაც სურს, შვედეთი ალიანსის წევრად რაც შეიძლება მალე დაინახოს, რადგან ეს გააძლიერებს NATO–ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს დავიცვათ ალიანსის საზღვრები. თუ უბრალოდ რუკას გადახედავთ, ნახავთ, რომ ფინეთთან ერთად შვედეთის ალიანსში ყოფნა ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO–ს წარმოდგენილობას ამ რეგიონში. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი ალიანსის წევრი რაც შეიძლება მალე გახდეს. [...] ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში. არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად", – განაცხადა სტოლტენბერგმა.


