„კავკასიური კავშირი“ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვს
10/07/2023 05:55:02 პოლიტიკა
„კავკასიურ კავშირში“ გაერთიანებულმა ექვსმა ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ჩვენ არ ვკამათობთ თავად მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო ვერდიქტზე, მაგრამ მსოფლიოში მისმა, როგორც სახელმწიფო რეფორმატორის პოპულარობამ, გამოიწვია ისეთი რეზონანსი, რომ ბევრი მის დადანაშაულებას განიხილავს სასამართლო-სადამსჯელო და პოლიტიკური მიზანშეწონილობის გაგების ფარგლებიდან გასულს, ადამიანურ გულმოწყალებაზე რომ არაფერი ვთქვათ, საქმის ასეთი ვითარება უკიდურესად ნეგატიურად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თითქოსდა მუხლებზეა დაყენებული და რუსეთის რეჟიმის დავალებით აბუჩად იგდებს მიხეილ სააკაშვილს, ანგარიშს არ უწევს არც საკუთარი ხალხის და არც მსოფლიო თანამეგობრობის აზრს. ხელისუფლების მიერ აღნიშნული საქმის იგნორირების გაგრძელება მომაკვდინებელია საქართველოსთვის და მას მხოლოდ ოპოზიციონერთან მიმართებაში შურისძიებით შეპყრობილ რუსეთის დანაშაულებრივ რეჟიმთან ანათესავებს“, - ნათქვამია სალომე ზირაბიშვილისადმი მიმართაში, რომელსაც ხელი აწერენ "კავკასიურ კავშირში" შემავალი ხუთი ორგანიზაციის თავმჯდომარეები:
აზერ ალიევი, "ძლიერი აზერბაიჯანი“;
ლადო გამსახურდია, „მრგვალი მაგიდა-თავისუფალის კავკასია“;
ასე კიკი, „ჩერქეზთა კონგრესი“;
ჯაბრაილ მიროზევი, „დაღესტნის ნაციონალური ცენტრი“;
დენი ტეპსი, „ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესი“;
იბრაგიმ იაგანოვი, " თავისუფალი ჩერქეზეთი“.
"ჩვენ ვთხოვთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენოთ კონსტიტუციური უფლებამოსილებები, დაიცვათ თქვენი სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივა და ქართველი ხალხის კარგი რეპუტაცია. ჩვენის მხრივ, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო რეაბილიტაცია თურქეთის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში და თურქეთში ექსტრადიციის პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა“, - ნათქვამია "კავკასიური კავშირის" მიმართვაში, რომლის ტექსტიც "რადიო თავიუსფლების" ქართულ სამსახურს ერთ-ერთმა თანაავტორმა ლადო გამსახურდიამ გამოუგზავნა.
მისი თქმით, მიმართვის ინგლისური ვერსია უკვე გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.


