ზელენსკი რუსეთში მორიგ ამბოხებას არ გამორიცხავს
10/07/2023 05:34:29 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთში იქნება რევოლუცია, რომელსაც მხარს ბევრი დაუჭერს. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის ხელისუფლების სისუსტე გამოავლინა. პუტინს ქვეყნის შიგნით სამხედრო ძალა არ გააჩნია და სამოქალაქო მოსახლეობა დაუცველია. პრიგოჟინი, რომელიც პოლიტიკურ ფიგურად იქცა, რუსეთში მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა, რატომ გაჩერდა, ეს დანამდვილებით არ იცის. არის სიგნალი, რომ რუსეთში შესაძლოა, მოხდეს კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხება დაახლოებით 24 საათს გაგრძელდა მას შემდეგ, რაც 23 ივნისს, დაჯგუფების დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ. „ვაგნერელებმა“ დაიკავეს ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქი, თუმცა, 24 ივნისს, ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მოსკოვში აღარ შევლენ. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა შეიარაღებული ამბოხების მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე.


