თურქეთიდან დაბრუნებული „აზოვსტალის“ დამცველები კვლავ ფრონტზე წასვლას აპირებენ
09/07/2023 15:47:27 მსოფლიო
“აზოვსტალის” ხუთი დამცველი მეთაური, რომლებიც თურქეთიდან უკრაინის პრეზიდენტთან ერთად სამშობლოში 8 ივლისს ჩაფრინდნენ, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას კვლავ აპირებენ. ამის შესახებ პოლკ "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ლვოვში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ დავბრუნდით და გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს", - თქვა "აზოვის" მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა.
ქალაქ მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალის“ თავდაცვის მეთაურების სამშობლოში დაბრუნების შესახებ 8 ივლისს გახდა ცნობილი. ხუთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე თურქეთიდან უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში. იქ ისინი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის პირადი გარანტიების ქვეშ იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც გასული წლის სექტემბერში რუსეთმა ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მებრძოლები კრემლთან დაახლოებულ უკრაინელ პოლიტიკოს, ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალა.
გაცვლის შემდეგ, ითქვა, რომ უკრაინელები თურქეთში ომის ბოლომდე დარჩებოდნენ. მას შემდეგ, რაც "აზოვსტალის" დამცველთა თურქეთიდან დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი, მოსკოვმა ანკარა და კიევი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელების სახლში დაბრუნების შესახებ რუსეთს არავინ აცნობა.


