
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი და დუნია მიატოვიჩი: ძალადობა მიუღებელია, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების გასაღებია
09/07/2023 08:47:54 საზოგადოება
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი და ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი თბლისში „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ძალადობა მიუღებელია.
„ევროპის საბჭო და მე ვგმობთ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და ხელი შეუშალა "თბილისი პრაიდს". გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების გასაღებია“, - წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი სოციალურ ქსელში.
ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი ასევე ხაზს უსვამს, რომ ძალადობა მიუღებელია.
„ძალადობა მიუღებელია, სწორედ ეს ვუთხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, - წერს ადამიანის უფლებათა კომისარი სოციალურ ქსელში.
8 ივლისს თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ დაიძრა. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს. პოლიციას მათ შესაკავებლად სპეციალური საშუალებები არ გამოიყენებია. სამართალდამცველებმა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ადგილიდან ევაკუაცია შეძლეს.
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა "პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის წინასწარ კოორდინირებული იყო'.
შსს-მ "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლა ახსნა იმით, რომ გაშლილ ტერიტორიაზე "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა".