
Tbilisi Pride: დღევანდელი მოვლენები მიანიშნებს, რომ ის შეთანხმებული იყო შსს-სა და "ალტ-ინფოს" შორის
08/07/2023 12:02:54 საზოგადოება
Tbilisi Pride-ის განცხადებით, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ფესტივალის ჩაშლა მიანიშნებს, რომ დღევანდელი მოვლენები "ალტ-ინფოსა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის წინასწარ იყო შეთანხმებული.
"დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის", - წერის განცხადებაში.
7 ივლისს შსს–მ გაავრცელა განცხადება, რომ მიიღებს ზომებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა, პრაიდფესტის დასკვნითი ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა შეძლეს, რამდენჯერმე გაერღვიათ სამართალდამცველების კორდონი და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ღონისძიება უნდა გამართულიყო. მას შემდეგ, რაც მათ ღონისძიების მონაწილეებს ვერ მიაკვლიეს, ადგილზე აგებული სცენა დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. თავად ღონისძიების მონაწილეთა ევაკუაცია სამართალდამცველებმა განახორციელეს.