Accentnews.ge
დარახველიძე: მოგეხსენებათ, შეუძლებელია, ყველა აქციაზე 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი

დარახველიძე: მოგეხსენებათ, შეუძლებელია, ყველა აქციაზე 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი

08/07/2023 11:57:04 საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ "პრაიდფესტის" დასკვნითი ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა.

დარახველიძემ ის გარემოება, რომ ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა სამართალდამცველთა რამდენიმე კორდონის გარღვევა შეძლეს, გაშლილი ტერიტორიით და დიდი "კონტრაქციის" მონაწილეების "დიდი რაოდენობით" ახსნა.

"დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როდესაც საუბარია გაშლილ ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. მაგრამ ვხედავთ, რომ მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული", - განაცხადა დარახველიძემ.

მან არ უპასუხა კითხვას, რისთვის განალაგეს სპეციალური ღონისძიებებისთვის საჭირო აღჭურვილობა, მათ შორის წყლის ჭავლი, თუ მათ გამოყენებას არ აპირებდნენ და რატომ იყო სიურპრიზი მათთვის ღონისძიების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, როდესაც მათ შეკრება ვაჟა–ფშაველას ძეგლთან დაიწყოს და შემდეგ გაემართნენ ლისის ტბის მიმართულებით.

დღეს ლისის ტბაზე პრაიდის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო, თუმცა ღონისძიების მოწინააღმდეგეებმა შეძლეს, რამდენჯერმე გაერღვიათ სამართალდამცველების კორდონი და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. მას შემდეგ, რაც მათ ღონისძიების მონაწილეებს ვერ მიაკვლიეს, ადგილზე აგებული სცენა დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

"თბილისი პრაიდის" წარმომადგენელი თამარ ჯაყელი ამბობს, რომ შსს–მ უღალატა თავის დანაპირებს და არ გაატარა სათანადო ზომები ღონისძიების მონაწილეების დასაცავად.

მისი თქმით, ღონისძიების მიწონააღმდეგეთა ბანაკში იმდენი ადამიანი არ იყო, რომ პოლიცია მათ ვერ გამკლავებოდა და ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

"ამ წუთას ფიზიკურად უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ემოციურად ეს საშინელებაა. ძალიან სწრაფად მოგვიწია ევაკუაცია, როცა პოლიციამ ფაქტობრივად ყველა მხრიდან მოიყვანა ჩვენთან [ღონისძიების მოწინააღმდეგეები], ალყა შემოგვარტყეს. ანუ არაფერი გააკეთეს [შსს–მ]იმისთვის, რომ დავეცით. მთლიანად უღალატა თავის დანაპირებს და ამდენთვიან პროცესს, სადაც იყო ჩართული ყველა და გაგვიმეტა, დახურული ღონისძიებაც ვერ ჩავატარეთ. ჩაგვტენეს მარშუტკებში. რეალურად არც ვიცით, სად ვართ",– ამბობს ჯაყელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S