ბაიდენი: უკრაინამ NATO-ს წევრობისთვის რაციონალური გზა უნდა გაიაროს
08/07/2023 11:12:03 მსოფლიო
უკრაინა ახლა მზად არ არის ნატო-ს წევრობისთვის და „რაციონალური გზა“ უნდა გაიაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არ მგონია, რომ ნატო-ში ახლა ერთსულოვნება არსებობს იმაზე, შევიყვანოთ თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, შუაგულ ომში. მაგალითად, თუ ამას ვიზამთ, მაშინ, იცით - სრულიად მზად ვართ ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ, რომელიც ნატო-ს ტერიტორიაა. ეს ვალდებულებაა, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მიუხედავად ყველაფრისა. თუ ომი გრძელდება, მაშინ ყველანი ომში ვართ… ამიტომ, ვფიქრობ, რომ რაციონალური გზა უნდა გავაგრძელოთ, რათა უკრაინას შეეძლოს ნატო-ში შესვლის კანდიდატი იყოს,” - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება პროცესია, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ შორის დემოკრატიზაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.


