Accentnews.ge
საპატრიარქო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფებას "ლგბტ მოძრაობა" კანონით შეიზღუდოს

საპატრიარქო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფებას "ლგბტ მოძრაობა" კანონით შეიზღუდოს

07/07/2023 10:15:29 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ მეტეხის ეზოში წაიკითხა.

„ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, - წერია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ე.წ. ლგბტ მოძრაობის“ ნამდვილი მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“:

„მათ შორის, მოზარდ თაობაში პროპაგანდა, ერთნაირსქესიან წყვილთა ოჯახებად დარეგისტრირება, ბავშვების აყვანა და, ზოგადად, კულტურული კოდის ცვლილება. დღეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და კარგად ვხედავთ ბავშვებში ამ პროპაგანდის დასაწყისის მცდელობებს“.

როგორც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ „საკითხის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას“.

7 ივლისს გავრცელდა თბილისის სინაგოგის განცხადება „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით. ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

„ჩვენც მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია მათი გაუკუღმართებული ქმედებების პროპაგანდა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, რადგან უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ცნობიერებაზე და ამ ქმედებებს ძალადობის გარდა სხვა შეფასებას ვერ მიუსადაგებ... მოგიწოდებთ ქვეყნის მოქალაქეებს - ნუ აჰყვებით წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებს და მოარიდეთ მათ ახალგაზრდები“, - წერია თბილისის სინაგოგის განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება „პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით“ 2 ივლისსაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს არის „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა“, რომელსაც უარყოფითი გავლენა ექნება დახურულ სივრცეში ჩატარების დროსაც.

„დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

2-იდან 8 ივლისამდე საქართველოს დედაქალაქში "თბილისი პრაიდის კვირეული" ტარდება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური შინაარსის ღონისძიებები, მათ შორის - საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია და პრაიდის ფესტივალი. კვირეულის სლოგანია "სიყვარულს ვერ დაამარცხებ".

"პრაიდის კვირეული" შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებს და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S