
როგორია შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხი – გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება
07/07/2023 07:31:56 საზოგადოება
ბულგარეთის და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბულგარეთში, ქ. ბურგასში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით გამართულ სუბრეგიონალური ჯგუფის შეხვედრაზე, შავი ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.
როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.
"ბულგარეთში, ქ. ბურგასში ქაფშიის მარაგების შეფასების შესახებ გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს უწყობს თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას“, - აცხადებენ სააგენტოში.
შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება, მათ შორის, მას შემდეგაც გაიზარდა, რაც უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკას ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა რუსეთს ჰესის აფეთქებაში ადანაშაულებს, რუსეთი კი პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.
კაშხლის დანგრევამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ სხვა უმწვავესი პრობლემების, მათ შორის სუფთა სასმელ წყალსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის წინაშე.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაიღუპა, სულ მცირე, 17 ადამიანი და 31 დაკარგულად ითვლება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.