Accentnews.ge
აშშ–ში ადასტურებენ რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს

აშშ–ში ადასტურებენ რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს

07/07/2023 06:53:28 მსოფლიო

ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმაციით, რომელიც ექვს ინფორმირებულ წყაროს ეყრდნობა, აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ჯგუფმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა კრემლთან დაახლოებულ პირებთან და აპრილში ნიუ-იორკში შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც.

როგორც წყაროები განმარტავენ, მიზანი იყო უკრაინაში ომის შესაწყვეტად მომავალი მოლაპარაკებისთვის საფუძვლის ჩაყრა.

NBC News-ის ინფორმაციით, ლავროვს შეხვდნენ ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ხელმძღვანელი რიჩარდ ჰაასი, ჩარლზ კუპჩანი და ტომას გრემი, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.

NBC News-ის წყაროების ცნობით, ლავროვთან შეხვედრის დღის წესრიგში იყო მომავალი რუსეთის მიერ დაკავებული იმ ტერიტორიების, რომლებიც უკრაინამ შესაძლოა, ვერ გაათავისუფლოს და ორივე მხარისთვის მისაღები დიპლომატიური გადაწყვეტილებები.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ NBC News-ს განუცხადა, რომ თეთრი სახლი ინფორმირებული იყო ამ მოლაპარაკების შესახებ, რომელიც მის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი არ ყოფილა.

კირბის თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ცნობილია: უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები ვერ გაიმართება უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მინისტრ ლავროვთან აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საიდუმლო მოლაპარაკებას უწოდა „დეზინფორმაცია და დასავლეთის მედიაში გაშვებული ფეიკი“.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთგზის, მათ შორის, ერთი კვირის წინ რადაში გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი არ მიიღებს არც ერთ სამშვიდობო წინადადებას, რომელიც კონფლიქტის გაყინვას მოემსახურება, რადგან ამ შემთხვევაში ომის განახლება მხოლოდ დროის საკითხი იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S