ლინკევიჩიუსი: დასავლეთს რუსეთის დაშლა აშინებსს, მაგრამ სსრკ-ის დაშლით კატასტროფა არ მომხდარა
06/07/2023 18:53:12 მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ უკრაინის ბევრ დასავლელ პარტნიორს აშინებს რუსეთის დაშლის იდეა და თავს იკავებს უკრაინის უფრო თამამი მხარდაჭერისგან, მაგრამ იგივე შიში იყო სსრკ-ის მიმართ.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის დაშლის სცენარი არ არის გამორიცხული, მაგრამ არც გარანტირებული და გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა მოუვა რუსეთს შემდეგ, რუსებმა უნდა მიიღონ.
„როცა ომის დასრულებაზე ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვენმა არმიამ დაიპყრო მოსკოვი. ეს რუსების ამოცანაა – თუ სურთ, დაბრუნდნენ ცივილიზებულ სამყაროში, მათ ცვლილებები სჭირდებათ. და თავად უნდა აიღონ მოსკოვი. მე არ ვსაუბრობ პრიგოჟინზე ან ვინმე მსგავსზე, არამედ მათზე, რომელთაც რეჟიმის შეცვლა სურთ, მათ ეს უნდა გააკეთონ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის იმპერიის დაშლის შესაძლებლობა, მაგრამ დაშლა ჩვენი ვალდებულება არ არის“, - თქვა მან.
ლინკევიჩიუსმა გააკრიტიკა უკრაინის ფრთხილი და „ნელი“ დახმარების სტრატეგია, რის შედეგადაც ქვეყანა ომში გაცილებით მაღალ ფასს იხდის:
„როდესაც ვამბობთ, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ: ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა უნდა წააგოს! და ეს ასევე ძალიან სერიოზული შედეგია ზოგიერთისთვის. იმიტომ, რომ მოდით, ვაღიაროთ: დასავლეთს ყოველთვის აწუხებს, ვინ გააკონტროლებს ამ შემთხვევაში ბირთვულ იარაღს. და პრიგოჟინის ამ წარმოდგენის შემდეგ, ვის შეუძლია, გამორიცხოს, რომ ერთ დღეს ბირთვული იარაღი ვერ მოხვდება სამხედრო ჯგუფებში, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მთავრობასთან?! ამან შეიძლება, გამოიწვიოს არა მხოლოდ ზიანი, არამედ კატასტროფა. და ეს არ არის ის, რაც მათ სურთ - არა მხოლოდ რუსეთში, არამედ დასავლეთშიც",– განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა და დასძინა, "მაგრამ აქვე შეგახსენებთ: საბჭოთა კავშირის დაშლისას ზუსტად იგივე კითხვები ახლდა. თუმცა კატასტროფა არ მომხდარა“.


