რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი ორი ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა
06/07/2023 16:39:56 მსოფლიო
რუსეთში უკანონოდ გადაყვანილი ორი ბავშვი 6 ივლისს უკრაინაში დააბრუნეს, – იუწყება უკრაინის ხელისუფლება.
ამასთან, როგორც იტყობინებიან, ბავშვების დედა – სამხედრო ექიმი გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან.
„დღეს ჩვენ სახლში ვაბრუნებთ რუსეთში უკანონოდ გადაყვანილ უკრაინელ ბავშვებს - 6 წლის რენატს და 10 წლის ვარვარას. მათი დედა, სამხედრო ექიმი, გაათავისუფლეს დიდი გაცვლის დროს 2022 წლის ოქტომბერში. ის და მისი ქმარი დიდი ხანია, ელოდნენ თავიანთი შვილების დაბრუნებას, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ გადაიყვანა და გატაცების დამალვას ცდილობდა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი ტელეგრამ–არხზე.
მანამდე სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ 6 ივლისს, ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, უკრაინაში 43 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა.
დღემდე, უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ოფიციალურად ცნობილია, რომ თითქმის 20 000 ბავშვი იქნა დეპორტირებული რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
სასამართლოს ცნობით, პუტინი და ლვოვა-ბელოვა პირადად არიან პასუხისმგებელი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების იძულებით დეპორტაციაზე.


