
ბოლო ორი თვეში ტრიქინელოზის მეხუთე შემთხვევა დადასტურდა – სეს მოსახლეობას აფრთხილებს
06/07/2023 15:33:33 საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა.
უწყების ცნობით, სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
"შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება",– ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
ირკვევა, რომ ამჯერად პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდანაა. მისი განმარტებით, ფარში შეიძინეს ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში, თუმცა, ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2!
ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა, დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.