უკრაინაში საქართველოს ელჩმა კიევი დატოვა
06/07/2023 11:20:31 პოლიტიკა
უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა.
გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოუწია.
კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და ექს–პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
ელჩმა 5 ივლისს თქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ კიევის მიერ დაფიქსირებული შეშფოთება "სინამდვილეს არ შეესაბამებოდა":
"გუშინ დილით მქონდა შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი პერებიინისთან, რომელმაც ამ შეხვედრისას მაუწყა უკრაინის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში. მე ცხადია, დავეთანხმე, ვინაიდან ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არაერთხელ საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღინიშნა, რომ ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს კომუნიკაციისთვის, მათ შორის. აღინიშნა ასევე, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის – ყველა საერთაშორისო მოედანზე. საქართველო გააგრძელებს უკრაინელი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის დახმარებას “.


