რუსულ გამანადგურებლებსა და ამერიკულ დრონებს შორის ინციდენტი მოხდა [ვიდეო]
06/07/2023 09:29:43 მსოფლიო
აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს სამი რუსული გამანადგურებლის (სუ-35) მიერ ამერიკული MQ-9 Reaper დრონებისთვის გზის მოჭრას. შემთხვევა 5 ივლისს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მოხდა.
გამანადგურებლებმა დრონების წინ პარაშუტის რაკეტები გაუშვეს, რითაც მათ მანევრირება აიძულეს. ამერიკულმა სარდლობამ რუსი პილოტების ქმედებებს "არაპროფესიონალური და სახიფათო" უწოდა.
CNN-ის ცნობით, MQ-9 Reaper–ის დრონები სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულ სამიზნეებზე თვალყურის დევნების დავალებას ასრულებდნენ.
14 მარტს ამერიკული MQ-9 Reaper ჩავარდა შავ ზღვაში რუსულ სუ-27 საბრძოლო თვითმფრინავებთან ინციდენტის შემდეგ. პენტაგონმა მომხდარში ბრალი რუს მფრინავებს დასდო, რომლებმაც დრონის გარშემო სახიფათო მანევრები შეასრულეს. ამერიკელების თქმით, ერთ-ერთი თვითმფრინავი განზრახ შეეხო დრონის პროპელერს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ MQ-9 Reaper-მა კონტროლი გაურკვეველი მიზეზების გამო დაკარგა.


