
სასამართლომ ქვეყანაში აიდა ბალაფქანის არშემოშვება უკანონოდ მიიჩნია
06/07/2023 08:51:12 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო შსს-ს გადაწყვეტილება, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე აიდა ბალაფქანი.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, რომელიც იცავდა ბალაფქანის ინტერესებს, სასამართლომ გაიზიარა ცენტრის პოზიცია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, არსებობდა გონივრული ეჭვი, რომ აიდა ბალაფქანი ქვეყანაში არ შემოუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ირანშია დაბადებული. უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწრო და ადამიანის უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებობად გადაქცევის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას.
თეირანში დაბადებული აიდა ბალაფქანი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, საქართველოში 2022 წლის 26 აპრილს ჩამოვიდა. ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გეგმავდა ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების კვლევას. სასაზღვრო პოლიციამ აიდა ბალაფქანს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დიდ ბრიტანეთში გააბრუნა. აიდა ბალაფქანი მიიჩნევს, რომ უარი ეთნიკური ნიშნით უთხრეს, რადგან მისი ბრიტანელი ქმრისთვის პრობლემა არ შეუქმნიათ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, აიდა ბალაფქანის საქართველოში არშემოშვების საფუძვლად პოლიციამ დაასახელა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, „უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში". ამასთან, სასამართლოში საქმის განხილვისას პოლიცია მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის გამოც აიდა ბალაფქანის შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა.
ორგანიზაციის შეფასებით, პოლიცია კანონის დასახელებულ ქვეპუნქტს სისტემატურად იყენებას როგორც დამოუკიდებელ საფუძველს, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად და ასევე, სასამართლოში სისტემატურად იშველიებს სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებას, რაც რეალურ დასაბუთებაზე უარის თქმას გულისხმობს.