ბრიტანეთი და პოლონეთი უკრაინის NATO-ში დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანებას მხარს უჭერენ
06/07/2023 06:17:37 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი უკრაინის NATO-ში დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიანებას მხარს უჭერენ, – იუწყება "ამერიკის ხმა".
გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ უკრაინას ალიანსში დაჩქარებული პროცედურებით მიიღებენ, როგორც ეს ფინეთის შემთხვევაში მოხდა.
„პოლონეთის პოზიცია აქ ძალიან მკაფიოა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება ახლოს მივიყვანოთ ალიანსის ინსტიტუციურ განზომილებაში, რომ მოხდეს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურების ადაპტირება ალიანსის სტანდარტებთან“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯიემს კლევერლიმკი აღნიშნა, რომ უკრაინელ სამხედროებს აქვთ „დიდი გამოცდილება NATO-ს სტანდარტული აღჭურვილობის და ალიანსის ტაქტიკის გამოყენებაში და ამან უნდა შეამციროს ალიანსში შესვლის დრო".
„პროცესი, რომლითაც შვედეთმა და ფინეთმა განაცხადეს გაწევრიანებაზე და საბოლოოდ ფინეთი შეუერთდა NATO-ს, იყო შემოკლებული, რადგან ვაღიარეთ, რომ ისინი არიან მაღალკვალიფიციური სამხედრო ძალა. ვფიქრობ, გვაქვს ვალდებულება, ვაღიაროთ რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები ბოლო 18 თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ჯიემს კლევერლიმ.


