კიევის შევჩენკოს რაიონის სასამართლოს შენობაში აფეთქება მოხდა
05/07/2023 17:05:44 მსოფლიო
კიევის შევჩენკოს რაიონის სასამართლოს შენობაში აფეთქება მოხდა, – იუწყება უკრაინული მედია სასამართლოსა და შსს-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
სასამართლოს ტერიტორიაზე გზები გადაკეტეს, უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელმა მოქალაქეებს ურჩია, ადმინისტრაციულ შენობას არ მიუახლოვდნენ .
გამოცემა „ჰრატი“ წერს, რომ, წინასწარი მონაცემებით, აფეთქება მოაწყო „სიჩის“ ბატალიონის მებრძოლმა იჰორ ჰუმენიუკმა, რომელსაც ბრალი ედება 2015 წლის 31 აგვისტოს უმაღლეს რადასთან ყუმბარის აფეთქებაში. მაშინ უკრაინის კონსტიტუციაში დონბასისთვის საგანგებო სტატუსის შემოღებას რამდენიმე ასეული ადამიანი აპროტესტებდა. აფეთქების შედეგად ეროვნული გვარდიის სამი მებრძოლი დაიღუპა, 140-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
დღეს სასამართლოს ჰუმენიუკისთვის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაეხანგრძლივებინა. ზოგიერთი უკრაინული ტელეგრამ–არხი იტყობინება, რომ ჰუმენიუკმა ბადრაგის წევრების მძევლად აყვანა მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი, სპეცრაზმი და კინოლოგები მუშაობენ.


