დარჩიაშვილი: რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი უკრაინიდან უახლოეს პერიოდში დაბრუნდება
05/07/2023 13:55:23 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინიდან ელჩი უახლოეს მომავალში დაბრუნდება, თუმცა ქართულ მხარეს ამ გადაწყვეტილების პასუხად, არანაირი რეაგირება არ ექნება.
იგი მადლობას უხდის ქართველ დიპლომატებს, რომლებსაც ომის დროს, კიევი არ დაუტოვებიათ და "საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდნენ". მისი შეფასებით, უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილება "გაუგებარი და საფუძველსმოკლებულია".
„გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ ტრადიციულად აქამდე გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით. ჩვენ აუცილებლად გვექნება დრო მომავალში, რათა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ჩვენ ვარჩევთ იმ პოზიციას, რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით.
შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი დამოკიდებულება, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მიმართ და ამას გავაგრძელებთ. ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ, ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.


