ალიევი გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს
05/07/2023 11:32:19 მსოფლიო
ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძოდ გაერო კაცობრიობის იმედებს ვერ ამართლებენ და სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებენ, - თვლის აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი.
მისივე შეფასებით, "გაერო წარსულის გადმონაშთია და დღევანდელ რეალობას არ ასახავს".
"ჩვენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გაფართოებას ვუჭერთ მხარს, რათა ეს ორგანო უფრო წარმომადგენლობითი და გეოგრაფიულად სამართლიანი გახდეს. მიხარია, რომ დღეს მსოფლიოში ამ საკითხის ირგვლივ კონსენსუსი იზრდება" - განაცხადა ალიევმა დღეს ბაქოში გახსნილ მიუმხრობლობის მოძრაობის საკოორდინაციო ბიუროს მინისტრთა ორდღიან სხდომაზე.
მისივე აზრით გაერო-ს უშიშროების საბჭოში ერთი მუდმივი ადგილი უნდა გამოეყოს მიუმხრობლობის მოძრაობას.
"ვთვლით, რომ ქვეყნები, რომლებიც მიუმხრობლობის მოძრაობის, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და აფრიკული საბჭოს თავმჯდომარეების თანამდებობებს იკავებენ, უნდა ფლობდნენ საკუთარ ადგილებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში როტაციის საფუძველზე, ვეტოს უფლებით" - განაცხადა ალიევმა.
ცნობისთვის: მიუმხრობლობის მოძრაობა საერთაშორისო მოძრაობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 120 ქვეყანას, რომელთა მიზანია არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ბლოკებში. მოძრაობა ოფიციალურად დააარსა ოცდახუთმა სახელმწიფომ ბელგრადის პირველ კონფერენციაზე 1961 წლის სექტემბერში.


