პრიგოჟინის ჯანყის შემდეგ რუსეთში კიდევ ერთი გენერალი "გაუჩინარდა"
05/07/2023 09:51:18 მსოფლიო
ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ჯანყის შემდეგ რუსეთში კიდევ ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რუსეთის გმირის წოდებისა და არაერთი სამხედრო ჯილდოს მფლობელი იუნუს-ბეკ ევკუროვი გაუჩინარდა.
არმიის გენერალ სერგეი სუროვიკინის კვალდაკვალ, "ვაგნერის" ჯანყის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ღონისძიებებზე და ზოგადად საჯარო სივრცეში აღარც ის გამოჩენილა. არ უნახავთ ევკუროვი არც 3 ივლისს მინისტრ შოიგუს თავმჯდომარეობით გამართულ თათბირზე, - წერს ყოველდღიურ მოხსენებაში ბრიტანეთის დაზვერვა.
ცნობისთვის: "ვაგნერის" ბუნტის დროს ევკუროვი სამხრეთ-სამხედრო ოქლის იმ შტაბში იმყოფებოდა, საიდანაც უკრაინაში მყოფი რუსული ჯარი იმართება. ჯანყის დღეებში შტაბი "ვაგნერმა" ჩაუგდო ხელში. სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ ქედმაღლურად ესაუბრებოდა "ვაგნერის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ევკუროვსა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეს ვიქტორ ალექსეევს.
ორ კვირაზე მეტია, საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა არმიის გენერალი სუროვიკინიც, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა. 28 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული წყაროები იუწყებოდნენ, რომ იგი ჯანყიდან მეორე დღეს დააკევს და ვეღარც ოჯახი უკავშირდებოდა. "ბლუმბერგის" მონაცემებით, სუროვიკინი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავდათ პრიგოჟინთან კავშირების თემაზე. სად იმყოფება გენერალი ამჟამად - კვლავ უცნობია, თუმცა როგორც "ბლუმბერგი" აღნიშნავს, ეს ციხე არ არის. გამოცემა იქვე დასძენს, რომ სამხედრო პროკურატურა სუროვიკინის მიმართ სიფრთხილეს იჩენს, ვინაიდან, არმიაში გენერლის ავტორიტეტის გათვალისწინებით, სამხედროების რეაქციის ეშინია.
"მიუხედავად ამისა, გენერლების ირგვლივ განვითარებული მოვლენები რუს ძალოვანებში მზარდი განხეთქილების ნიშანია. პრიგოჟინის ჯანყის შემდეგ ეჭვი რუსული არმიის გავლენიან ოფიცრებზეა მიტანილი" - დასძენს ბრიტანული დაზვერვა.


