ყაზახეთის პრეზიდენტი ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას აკრიტიკებს
05/07/2023 09:19:49 მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტი ქასიმ-ჟომარტ ტოკაევი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (შთო) აკრიტიკებს და აცხადებს, რომ " შთო-მ 20-წლიანი არსებობის განმავლობაში ვერც ერთი მასშტაბური ეკონომიკური პროექტი ვერ შექმნა და განახორციელა.
როგორც ტოკაევმა ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა, ამ მდგომარეობის მიზეზი პროექტების დაფინანსების მექანიზმების არარსებობაა. ამასთან დაკავშირებით იგი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბების ინიციატივთ გამოვიდა და განაცხადა, რომ რეგიონულ პროექტებში პირდაპირი და ირიბი ინვესტიციების სტიმულირებისთვის შესაძლებელია, გამოიყენონ საერთაშორისო საფინანსო ცენტრი - "ასტანა".
გარდა ამისა, მან ორგანიზაციის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდის მიზნით "ეკონომიკური პრეფერენციების ბაზის" ერთობლივი შემუშავების წინადადება გააჟღერა.
"შთო-მ ფოკუსირება უნდა მოახდინოს საერთო ტვირთბრუნვის გაზრდისათვის, სავაჭრო ბარიერების მოხსნისა და ერთობლივი საწარმოების ამუშავებისთვის პირობების შექმნაზე. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის უპირატესობებს შორის არის წევრი ქვეყნების გეოგრაფიული კავშირი, სატრანზიტო-სატრანსპორტო შესაძლებლობები, უზარმაზარი ბაზარი და ეკონომიკების მიერ ურთიერთშევსება" - აღნიშნა ყაზახეთის ლიდერმა.
გარდა ამისა, ტოკაევმა კოლეგებს შესთავაზა, მომდევნო - ასტანაში დაგეგმილი სამიტისთვის ორგანიზაციის ენერგეტიკული სტრატეგია შემუშავდეს. "მსგავსი დოკუმენტის მიღება ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების სფეროში გაერო-ს დღის წესრიგის მიზნების რეალიზაციას" - დასძინა მან.
შთო-ს პროექტების დაფინანსების პრობლემაზე ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაფაროვმაც გაამახვილა ყურადღება. "ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენ წინ ვერ წავიწიეთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში, ვერ დავნერგეთ ეფექტური ფინანსური მექანიზმები ჩვენი ორგანიზაციის განვითარების ფონდისა და განვითარების ბანკის ჩამოყალიბების, ასევე ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორებაზე გადასვლის გზით" - აღნიშნა მან.
შთო-ს განვითარების ბანკის ჩამოყალიბებას ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმაც დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა ჩინურმა მხარემ 2010 წელსაც გააჟღერა, 2013 წელს კი ორგანიზაციის განვითარების ფონდის შექმნის წინადადებით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც გამოდიოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს სტრუქტურები დღემდე არ ჩამოყალიბებულა.


