ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს აღიარა
05/07/2023 06:57:06 მსოფლიო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ რეზოლუციაში, რომელიც 4 ივლისს მიიღეს, ნათქვამია, რომ „ვაგნერი“ მოქმედებდა რუსეთის მთავრობის სახელით, მის მიერ იყო დაფინანსებული და თავისი არსითა და განზრახვებით სრულიად სამართლიანად შეიძლება შეფასდეს ტერორისტულ ორგანიზაციად.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ყველა სამართლებრივი საშუალება გამოიყენონ „ვაგნერის“ საქმიანობის აღსაკვეთად. დოკუმენტში დაგმობილია ბელარუსის მთავრობის მიერ „ვაგნერის“ მხარდაჭერა და ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დაჯგუფებისთვის სამხედრო ბაზის მშენებლობა, რაც საფრთხეს უქმნის ბალტიის ქვეყნებს.
ასამბლეის 30-ე სესიამ, რომელიც კანადის ქალაქ ვანკუვერში 30 ივნისიდან მიმდინარეობდა, მუშაობა 4 ივლისს დაასრულა. სესიაში არ მონაწილეობდა რუსეთის დელეგაცია.


