
OSCE PA რუსეთს საქართველოდან სამხედროების დაუყოვნებლივი და უპირობო გაიყვანისკენ მოუწოდებს
05/07/2023 06:45:36 პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ (OSCE PA ) რიგით ოცდამეათე ყოველწლიურ სესიაზე დეკლარაცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის საქართველოზე არის საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო და მოსკოვს მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.
"ასამბლეა ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებას საკუთარ სახლებში; ასევე კონსტრუქციული ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.
ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის სამხედრო ძალების დაუყონებლივი და უპირობო გაყვანისკენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ასამბლეა გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შედეგად. ასევე ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშნების წაშლასა და შეცვლას, როგორც რუსეთის მუდმივი ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირ შედეგს.
ასამბლეა გამოდის მოწოდებით, გაიზარდოს ძალისხმევა ომის მსხვერპლთა წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად, მათ შორის, კერძოდ სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, და აღნიშნავს იმ ხანგრძლივ ზემოქმედებას, რომელიც კონფლიქტმა და ოკუპაციამ ამ მოსახლეობის დიდ ნაწილზე მოახდინა.
ასამბლეა ხაზს უსვამს რუსეთის სახელმწიფოს ძალადობრივ იმპერიულ და კოლონიალურ ხასიათს, რომელიც ნათლად ვლინდება არაპროვოცირებულ და უკანონო ომში უკრაინის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონების და სუვერენული ერების კანონების დარღვევაში, მათ შორის უკანონო გატაცებით, მაგრამ ასევე გამოიხატება ბელარუსის ერთგვარ რბილ ანექსიაში, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში და მოლდოვაში სეპარატიზმის მხარდაჭერაში ისევე ,როგორც რუსეთის ფედერაციაში ძირძველი და ეთნიკური უმცირესობების ერების იძულებით, მიმდინარე და განზრახ დაქვემდებარებაში", – ნათქვამია დეკლარაციაში.