მედია: ნატო ჩრდილოეთ ფლანგზე სტრატეგიას ცვლის
04/07/2023 08:46:43 მსოფლიო
ნატო ჩრდილოეთ ფლანგზე სტრატეგიას რუსეთის აგრესიული მისწრაფებების საპასუხოდ ცვლის, - იუწყება Reuters.
"ფინეთის გაწევრიანება ნატო–ს მოკავშირეებს რუსეთის მიმართ შემაკავებელი პოლიტიკის გასატარებლად უპრეცედენტო ახალ შესაძლებლობებს უხსნის. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე", – აცხადებენ გამოცემასთან საუბრისას დიპლომატებმა და სამხედრო ექსპერტები.
როგორც Reuters იტყობინება, ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო რკინიგზის მოდერნიზაცია შვედეთის საზღვარზე, ტორნიოს ტერიტორიაზე. სამუშაოები მომავალ წელს უნდა დასრულდეს, რაც ატლანტიკური რეგიონიდან მოკავშირეთა შეიარაღებულ ძალებს კემიარვიშის (ფინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი) ბაზისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემას გაუადვილებს.
"აღნიშნული ობიექტი რუსეთთან საზღვრიდან ერთი საათის სავალზე და მურმანსკიდან შვიდი საათის სავალზე მდებარეობს, რომელიც რუსეთის ბირთვულ ბასტიონს წარმოადგენს. ნატო–სთან კონფლიქტის შემთხვევაში ჩრდილოეთის ფლოტის მთავარი ამოცანაა ბარენცის ზღვის კონტროლი და ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში სამხედრო ტვირთის მიწოდების თავიდან აცილება გრენლანდიის, ისლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მიმდებარე წყლების გავლით. ამ მიმართულებაზე ფინეთს შეუძლია, ნატო–ს მოკავშირეებს სერიოზული დახმარება გაუწიოს. 27 მაისიდან 2 ივნისამდე პერიოდში გაიმართა ნატო-ფინეთის ერთობლივი წვრთნა "ჩრდილოეთის ტყე", რომელშიც 6500 ფინელ ჯარისკაცთან და ოფიცერთან ერთად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის და ასევე შვედეთის 1000-მდე სამხედრო მონაწილეობდა. ეს იყო ფინეთის სახმელეთო ძალების ყველაზე დიდი წვრთნები არქტიკულ წრეზე. მანევრებში სხვადასხვა მიზნით დაახლოებით ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. მოკავშირეების ერთობლივი საარტილერიო წვრთნები ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვრიდან ორი საათის სავალზე ჩატარდა", – იუწყება გამოცემა
ფინეთი ნატო-ს ოფიციალურად მიმდინარე წლის 4 აპრილს შეუერთდა. მოსალოდნელია, რომ ვილნიუსში ნატო–ს სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხის განხილვა იქნება.


