Accentnews.ge
TI : ზუგდიდის მერის კლასელთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მხოლოდ ზუგდიდში 12 129 286 ლარის შესყიდვები მიიღეს

TI : ზუგდიდის მერის კლასელთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მხოლოდ ზუგდიდში 12 129 286 ლარის შესყიდვები მიიღეს

04/07/2023 07:37:52 საზოგადოება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" (TI )ცნობით, ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, დავით კუხალეიშვილის კლასელთან და მეგობართან, ზაზა ანთიასთან დაკავშირებული კომპანიები შპს “როუდ პლიუსი” და შპს “ბილდინგ გრუპ 17” ადგილობრივ შესყიდვებში იმარჯვებენ.

"კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, ჯამში 22,108,948 ლარის ტენდერები მიიღეს. აქედან 12,129,286 ლარის შესყიდვები ზუგდიდის მერიაზე მოდის", – აცხადებს TI.

"შპს “როუდ პლიუსი”

შპს “როუდ პლიუსი” 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი თავად ზაზა ანთიაა.

კომპანია 2021 წლიდან დღემდე 46 ტენდერში მონაწილეობდა და 16 შემთხვევაში გაიმარჯვა. მიღებული თანხების ჯამური ოდენობა 10,043,113 ლარია, საიდანაც 3,715,316 ლარი ზუგდიდის მერიაზე მოდის.

შპს “როუდ პლიუსს” 16 მოგებული ტენდერიდან 8-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 3 ტენდერი კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოიგო.

შპს “ბილდინგ გრუპ 17”

2017 წელს რეგისტრირებული შპს “ბილდინგ გრუპ 17”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ზაზა ანთიას დედა, აზა ჩიხლაძეა, სატენდერო დოკუმენტაციას კი ხელს აწერს სწორედ ზაზა ანთია, როგორც მინდობილი პირი.

შპს “ბილდინგ გრუპ 17” ტენდერებში 2018-2021 წლებში მონაწილეობდა, ჯამში 74 ტენდერიდან 32-ში გაიმარჯვა, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 12,005,725 ლარი შეადგინა, საიდანაც 8,333,860 ლარის ხელშეკრულებები ზუგდიდის მერიაზე მოდის. შპს “ბილდინგ გრუპ 17”-მა ზუგდიდის მერიისგან ასევე 60,110 ლარის ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო.

შპს “ბილდინგ გრუპ 17”-ს 32 მოგებული ტენდერიდან 20-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 6 ტენდერში კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, შპს “როუდ პლიუსისა” და შპს “ბილდინგ გრუპ 17”-ის ჩართულობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს", – აცხადებს ორგანიზაცია.

განახლება

მოგვიანებით, TI–ს განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გამოეხმურა.

"ვეხმაურებით „საერთაშორისო გამჭირვალობა” საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ორგანიზაცია ფაქტების დამახინჯებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თითქოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის დავით კუხალეიშვილის და ზუგდიდის მერის მამუკა წოწერიას კლასელის ზაზა ანთიას კომპანია ტენდერებს უკანონოდ იგებს. „საერთაშორისო გამჭირვალობამ“ მეტი დრამატიზებისთვის და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისთვის გამოაქვეყნა კომპანიის მიერ გამარჯვებული ტენდერების ჯამური ღირებულება 2018 წლიდან დღემდე და ამით ეცადა დასახელებული თანამდებობის პირები ტენდერთან კვეთაში გამოეყვანა. რეალურად კი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი 2021 წლის 15 ივლისს დაინიშნა, მანამდე ის კერძო სექტორში მუშაობდა, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია კი ამომრჩეველმა მერად 2021 წლის შემოდგომის ბოლოს აირჩია. ყველა ტენდერი კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამჭირვალედ ტარდება და მასზე ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. დავით კუხალეიშვილის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილედ დანიშვნამდე და მამუკა წოწერიას მერად არჩევამდე სამეწარმეო საქმიანობას ზაზა ანთია ახორციელებდა და შესაბამისად ტენდერებშიც მონაწილეობას იღებდა. მეტიც ზაზა ანთია სამეწარმეო საქმიანობას 2016 წლიდან ახორციელებს. ზაზა ანთიას კომპანიამ სხვადასხვა ტენდერებში არაერთი დისკვალიფიკაცია მიიღო - თუმცა ეს ინფორმაცია „გამჭირვალობა საქართველოს“ არ გაუსაჯაროებია. ორგანიზაციას ვურჩევთ მეტი კომპეტენცია იქონიონ და ნუ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S