Accentnews.ge
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

03/07/2023 12:36:17 პოლიტიკა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას ეხება, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს 22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თავდაპირველად მიღებულ ვერსიას 78 მომხრე და 14 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო. წინა რედაქციით, „დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის [ცესკოს წევრების] კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს კი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა.

ცვლილებების შემდეგ კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლება, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამი იყო, რომ ეს "ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს".

გარდა ამისა, ცვლილების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს 100 ხმის ნაცვლად, 76 ხმით აირჩევენ, რაც პრეზიდენტის აზრით, "აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს".

"ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება", -ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩიონ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.

ცესკოს საკითხზე მომზადებული კანონპროექტი უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებაც. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების" კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესის ცვლილებაზე უფრო მეტად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და "უკიდურესად დააკნინებს" პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.

ISFED-ში აცხადებდნენ, რომ ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს.

გასული წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მიიღო. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გიორგი კალანდარიშვილმა განაგრძო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S