
დავითაშვილი – "Georgian Airways"-ის დასანქცირებაზე: უკრაინის ხელისუფლების მორიგი არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ
03/07/2023 11:23:35 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის მიერ ქართული ავიაკომპანიის "Georgian Airways" წინააღმდეგ სანქციების დაწესებას "არამეგობრულ გადაწყვეტილებად" აფასებს.
ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ცალსახად პოლიტიკურია.
"ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ. ამაში, ვფიქრობ, რომ ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ვიცით რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან. ალბათ, საფუძველიც ზუსტად ეს არის იმ გადაწყვეტილების, რაც მიიღეს. როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას,როგორც წინა შემთხვევებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "Georgian Airways" და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა. თავად გაიაშვილი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.