Accentnews.ge
პენცენტრი სულაკაურის გამომცემლობას მხარდაჭერას უცხადებს: "კამპანია მიმართულია ევროპული არჩევანის წინააღმდეგ"

პენცენტრი სულაკაურის გამომცემლობას მხარდაჭერას უცხადებს: "კამპანია მიმართულია ევროპული არჩევანის წინააღმდეგ"

03/07/2023 08:18:36 საზოგადოება

პენცენტრი სულაკაურის გამომცემლობას მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ "ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ".

საქართველოს პენცენტრი და წერილზე ხელმომწერი ადამიანები, მოუწოდებენ ხელისუფლებას, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს იმგვარ რუსულ ინიციატივებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს და დააზიანოს საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ.

"საქართველოს პენ ცენტრი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს პრორუსული ძალების და პრორუსული ტელევიზიების მიერ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, “სულაკაურის გამომცემლობის” მისამართით დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის გამო.

სამწუხაროდ, 30 ივნისს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას გაიმეორა პრორუსული ძალების და ტელევიზიების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. საქმე ეხება XVII საუკუნის ცნობილი მეზღაპრის, შარლ პეროს ერთ-ერთ ზღაპარს, რომელიც თავისი შინაარსითა და მორალით არაფრით განსხვავდება ამავე ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ზღაპრებისაგან, როგორიცაა “წითელქუდა”, “ჩექმებიანი კატა” თუ ბავშვებისთვის საყვარელი მისი არაერთი სხვა ტექსტი.

სამწუხაროდ, ცილისმწამებლური და ცრუ კამპანია მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული გამომცემლობის, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ რუსეთს არაფერი აქვს შესათავაზებელი ადამიანებისთვის ჩაგვრის, განადგურების, სიძულვილის, განსხვავებულის მიუღებლობის გარდა, რუსეთი და საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს არსებობს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არსებული შეთქმულება, რომლის მიხედვითაც ხდება ბავშვებისთვის რაიმე უცხო ღირებულებების თავს მოხვევა. ამ კამპანიის ერთადერთი რეალური მიზანი არის საქართველოს ევროპული გზისთვის საბოტაჟის მოწყობა.

საქართველოს პენ ცენტრი და წერილზე ხელმომწერი ადამიანები, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მეტი სიფრთხილით მოეკიდოს იმგვარ რუსულ ინიციატივებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს და დააზიანოს საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ.

ჩვენ ვგმობთ სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ პრორუსული ძალების მიერ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გააგრძელოს რუსული კანონების მიღების მცდელობა და ამ გზით ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისთვის საბოტაჟის მოწყობა.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს სიფრთხილისაკენ, რათა არარსებული საფრთხეების წარმოჩენით მას არ მოჰპარონ საქართველოს და მის შვილებს ევროპული მომავალი, რომელიც უალტერნატივოა ამ ქვეყნისა და მისი მომავლისთვის და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

ვგმობთ რა სულაკაურის გამომცემლობის წინააღმდეგ დაწყებულ ამაზრზენ ცილისმწამებლურ რუსულ კამპანიას, ვაცხადებთ, რომ ყველა, როგორც ერთი, დავიცავთ ნებისმიერ გამომცემელს, მწერალს, ნებისმიერი სფეროს ხელოვანსა თუ ინსტიტუციას, რომლის გაჩუმება ან განადგურებაც ენდომებათ რუსეთს და მის მსახურებს. ასევე ჩვენ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა რუსეთისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადი გახდეს ქართველი ხალხისთვის და ის სრულად იყოს ინფორმირებული იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოს სახელმწიფოს, მსგავსი რუსული კამპანიებისა და ინიციატივების გამო ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში.გავრცელებულ განცხადებას ხელს ლიტერატურული სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს.

30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, ღარიბაშვილმა "ლგბტ პროპაგანდაზე" ისაუბრა.. მან სულაკაურის გამომცემლობა, ასევე მაკდონალდსი ე.წ. პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა. თემაზე საუბრისას პრემიერმა საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაც არ გამორიცხა.

პრემიერმინისტრის განცხადებიდან მეორე დღეს იმავე შინაარსის განცხადება ჰქონდა საპატრიარქოსაც. საპატრიარქოს თქმით, "ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, დროა კანონით დარეგულირებაზე ვიმსჯელოთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S