ჟურნალისტებმა უკრაინაში 26 801 რუსი სამხედროს დაღუპვა დაადასტურეს
30/06/2023 14:13:27 მსოფლიო
ჟურნალისტებმა 30 ივნისის მდგომარეობით, უკრაინასთან ომის დროს დაღუპული რუსი სამხედროებიდან 26 801–ის იდენტიფიცირება შეძლეს,– რუსეთის დანაკარგები "მედიაზონამ" და BBC-ის რუსულმა სამსახურმა მოხალისეთა გუნდთან ერთად დათვალეს.
ომისთვის გადაბირებულ პატიმრებს შორის დაღუპულთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა. ჟურნალისტებმა ასევე დაადასტურეს რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციისას უკრაინაში გაგზავნილი 2674 რუსის გარდაცვალება. აღნიშნულია, რომ დაკვირვების პერიოდში მობილიზებულთა შორის დანაკარგებმა პირველად გადააჭარბა დაღუპულ დაქირავებულთა რაოდენობას.
30 ივნისის მდგომარეობით შესაძლებელი გახდა რუსეთის არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების 2250-ზე მეტი ოფიცრის დაღუპვის დადასტურება. მათგან 263 აქვს პოდპოლკოვნიკის და უფრო მაღალი წოდება.
დაღუპულთა შორის იდენტიფიცირებულთა უმეტესობა სვერდლოვსკის, კრასნოდარის, ჩელიაბინსკის, ბაშკირის, ბურიატიისა და როსტოვის ოლქიდან იყო.
დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტები საომარი მოქმედებების დაწყებიდან აგროვებდნენ. მონიტორინგი მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომელთა დაღუპვა ღია წყაროების საფუძველზე დასტურდება. დანაკარგების რეალური მაჩვენებელი, კვლევის ავტორების აზრით, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დანაკარგებზე არ საუბრობს. ბოლოს ამ თემაზე 2022 წლის სექტემბერში ისაუბრეს და განაცხადეს 5,937 სამხედროს დაღუპვის შესახებ. ამასთან, 2023 წლის ივნისში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამტკიცებდა, რომ უკრაინის კონტრშეტევის დროს რუსეთმა 71 სამხედრო დაკარგა, კიდევ 210 დაშავდა.


