
ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის სამხედრო ხომალდი შევიდა
22/11/2019 09:11:26 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ შევიდა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია.
„საქართველო-საფრანგეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად იმართება ფრანგული გემების საპორტო ვიზიტები ბათუმში. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი ვიზიტები.ბოლო პერიოდში ხშირად ვმასპინძლობთ როგორც ნატო-ს გემებს, ასევე პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ფლოტის ხომალდებს. ეს მიუთითებს ინტერესსა და მხარდაჭერაზე, რომელიც გვაქვს პარტნიორი ქვეყნებისგან, როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნის რეფორმების, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
ფრანგული ხომალდის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სწავლებები ღია ზღვაში, რომელშიც ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები და სპეციალური ოპერაციების ძალები ჩაერთვებიან.