Politico: სტოლტენბერგი NATO–ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წელი დარჩება
30/06/2023 09:39:58 მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ პოსტზე კიდევ ერთი წელი დარჩება, – იუწყება Politico წყაროებზე დაყრდნობით.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის პოზიციაზე ყოფნის ვადის გაგრძელება უკვე „გადაწყვეტილი საკითხია“. დასავლეთ ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა დაადასტურა ინფორმაცია და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "მომავალ კვირაში ოფიციალურად გაფორმდება".
მაღალჩინოსანმა აღმოსავლეთ ევროპიდან და ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა ალიანსში კონსენსუსის არსებობა სტოლტენბერგის ირგვლივ.
გამოცემის ცნობით, ნატო–ს წევრ ქვეყნებს სურდათ, ალიანსის მომავალ გენმდივანთან დაკავშირებით ბლოკის მთავარი სამიტამდე შეჯერებულიყვნენ, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება. ამ გადაწყვეტილების მიღებაზე მოკავშირეებმა რამდენიმე თვე დახარჯეს - შესაძლო მემკვიდრეებად დანიის პრემიერ–მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი განიხილებოდნენ.
ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, – წერს Politico. რიგმა ქვეყანამ არჩია, ნატოსთვის პოლიტიკურად რთულ პერიოდში მხარი დაეჭირა გამოცდილი პოლიტიკოსისთვის, რომელიც ცნობილია თავისი ფრთხილი რიტორიკით.
იენს სტოლტენბერგი ნორვეგიელი პოლიტიკოსი, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ის ნატოს მეთაური 2014 წლიდან გახლავთ. გენერალური მდივნის პოსტზე სტოლტენბერგის კანდიდატურა გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა წარადგინა.


