"ლევადა–ცენტრი": რუსების მესამედი განაგრძობს პრიგოჟინის მხარდაჭერას, მიუხედავად ჯანყისა
30/06/2023 09:29:29 მსოფლიო
ცივლიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფების "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის მოწონების რეიტინგი მისი ამბოხების შემდეგ განახევრდა, მაგრამ მაინც შედარებით მაღალ დონეზე რჩება.
"ლევადა–ცენტრის" გამოკითხვის თანახმად, რომელიც ჩატარდა 22-28 ივნისს (აჯანყებამდე), გამოკითხულთა 58% აფიქსირებს პოზიტიურ დამოკიდებულებას პრიგოჟინის საქმიანობის მიმართ. ე.წ. „სამართლიანობის მარშის“ დასრულების შემდეგ კი გამოკითხულთა 29%–მა განაცხადა, რომ ეთანხმება "ვაგნერის" ხელმძღვანელის საქმიანობას.
სოციოლოგებმა ასევე აღწერეს პრიგოჟინის მიმართ საზოგადოების განწყობის დინამიკა: აჯანყებამდე მას რუსები "სიმართლისთვის მებრძოლად", "ნამდვილ ლიდერად", "პატრიოტად" და "გამარჯვებულ გენერალად" აღიქვამდნენ, ჯანყის შემდეგ კი მის მიმართ ნეგატიური შეფასებები დომინირებდა: "არეულობა მოახდინა", "წავიდა რუსეთის წინააღმდეგ", "ისწრაფვის ხელისუფლებაში მოსვლისთვის", - ამბობენ კვლევის ავტორები.
ამბოხის შემდეგ ასევე შემცირდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს საქმიანობის მიმართ მხარდაჭერის დონე, რომელიც პრიგოჟინმა დაადანაშაულა "ვაგნერის" ბაზაზე შეტევის განხორციელებაში, დაჯგუფების განადგურების მცდელობასა და უკრაინაში "უღიმღამო ომის" წარმართვაში. თუმცა, მინისტრის რეიტინგის ვარდნა არც ისე დრამატული იყო. ერთი კვირით ადრე გამოკითხულთა 60%-მა მოიწონა მისი საქმიანობა, ხოლო პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ – 48%.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აჯანყებამ გავლენა იქონია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგზეც: 22-23 ივნისს მას მხარი დაუჭირა რუსების 81%-მა, აჯანყების დღეს - 79%-მა, ხოლო 25-28 ივნისს - 82%-მა.
ამავე დროს, რეგიონულმა პოლიტიკოსებმა "მედუზასთან" თქვეს, რომ როგორც თავად კრემლიდან მიიღეს ინფორმაცია, ნდობა პუტინის მიმართ 9-14%-ით დაეცა და სწორედ ამის გამო გაზარდა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პუტინის საჯაროდ გამოჩენის სიხშირე.
მიუხედავად ამისა, პუტინის მმართველობის დროის ყველაზე დიდიმა შეიარაღებულმა აჯანყებამ გამოიწვია მოქალაქეების სერიოზული შეშფოთება ქვეყნის ბედის მიმართ. მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი სწორი მიმართულებით მიდის, მაისის 67%-იანი მაჩვენებლიდან 53%-მდე დაეცა. ეს მაჩვენებელი უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალი გახდა,– აღნიშნავენ რუსი ჟურნალისტები.


