
თალაკვაძე ირწმუნება, რომ ნატო–ს და პარტნიორებთან აღებული ვალდებულებები უპირობოდ სრულდება
22/11/2019 08:42:58 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ ნატო-ს მიმართ ენთუზიაზმი გაზრდილია, ხოლო ვალდებულებები, რომელიც ხელისუფლებამ ნატო-სა და პარტნიორებთან აიღო, უპირობოდ სრულდება. ასე ეხმიანება თალაკვაძე გენერალი ბენ ჰოჯესის განცხადებას, რომ "საქართველოს მთავრობაში ნატო-ზე ენთუზიაზმმა მოიკლო".
„საქართველო დღეს ყველა სტანდარტით ნატო-სთან თავსებადია. საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაში იმყოფება. მისი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან არის მისაღები. ჩვენ ერთად ვქმნით მომენტს,როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნება შესაძლებელი. ოღონდ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება არის მისაღები ნატო-ს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. არსებობს ნატო-ს ოფიციალური შეფასების ანგარიშები, სადაც საქართველოს პროგრესი სათანადოდ არის შეფასებული. საქართველოში წელს ჩატარდა ისტორიაში ერთ -ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ტაქტიკური წვრთნები, სადაც 3 ათასზე მეტი ნატო-ს ჯარისკაცი მონაწილეობდა. ესეც ნიშნავს, რომ ნატო-ს მიმართ ენთუზიაზმი არის გაზრდილი და ვალდებულებები, რომელიც ავიღეთ ნატო-სთან და ჩვენს პარტნიორებთან უპირობოდ სრულდება. შესაბამისად, ველოდებიით იმ მომენტს, როდესაც საქართველოს მიღება ნატო-ში მოხდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებელია, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული",-განაცხადა თალაკვაძემ.