კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რუსეთის წმინდა სინოდის მიერ დასჯილი რუსი მღვდელი თავის ხარისხში აღადგინა
29/06/2023 14:36:09 მსოფლიო
კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რუსეთის წმინდა სინოდის მიერ დასჯილი რუსი მღვდელი იოანე კოვალი, რომელიც ლოცვებში უფალს შესთხოვდა არა რუსეთის ჯარების გამარჯვებას, არამედ - მშვიდობას, თავის ხარისხში აღადგინა.
მღვდელს ასეთი ლოცვის გამო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობამ სასულიერო წოდება ჩამოართვა. კერძოდ, მღვდელი იოან კოვალი მოსკოვის ლიუბლინოს რაიონში მდებარე ანდრეი პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. „წმინდა რუსეთის“ შესახებ ლოცვაში მან სიტყვა „გამარჯვება“ შეცვალა სიტყვა „მშვიდობით“, რაც მისი დასჯის მიზეზი გახდა.
კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია, ანუ ჩათვალა, რომ იგი მიღებული იყო არა საეკლესიო ნორმებით, არამედ - პოლიტიკური მოტივებით. როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბრძანებაშია მითითებული, მამა იოანე მიღებული იქნება კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ომოფორის (იურისდიქციის) ქვეშ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავის ქადაგებებში და გამოსვლებში არაერთხელ უთქვამს, რომ „რუსეთი არასოდეს არავის არ დასხმია თავს“ და კონფლიქტის გაჩაღებაში დასავლეთის ქვეყნებსა და გარკვეულ ანტისაეკლესიო ძალებს სდებდა ბრალს. იგი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში შედის.


