„სქემები“: კახოვკას კაშხლის დანგრევის დროს ჰესზე რუსი სამხედროების ჯგუფში იმყოფებოდა არსენ ფიცხელაურიც ("გრუზინი")
29/06/2023 14:07:54 მსოფლიო
"რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახურის პროექტ „სქემის“ ჟურნალისტებმა სააგენტო „გამოძიება.ინფოსთან“ ერთად იმ რუსი სამხედროებისა და მათი მეთაურების ვინაობა დაადგინეს, რომლებიც კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე 5-6 ივნისის ღამეს, კაშხლის დანგრევის დროს იმყოფებოდნენ.
საუბარია რუსეთის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა ვინაობა დადასტურდა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოების დახმარებით. გამოძიებამ ოთხი სამხედროს სახელი დაადგინა: ბრიგადის მეთაური რომან ტიტოვი, საინჟინრო ბატალიონის სერჟანტი რუსლან მაგომედოვი, მაიორი დენის მიშჩენკო და არსენ ფიცხელაური, კოდური სიტყვით "გრუზინი". ეს უკანასკნელი, ჟურნალისტების თქმით, განადგურების შემდეგ რუსეთში დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიეს.
ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ 205-ე ბრიგადის ჯარისკაცები კვლავ ნოვაია-კახოვკაში არიან. მათი ცნობით, ეს საუბარში დაადასტურა რუსმა გვარდიელმა, რომელიც ამ ბრიგადის მებრძოლებს იცნობს.
ცნობისთვის: უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკას ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა რუსეთს ჰესის აფეთქებაში ადანაშაულებს, რუსეთი კი პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.
კაშხლის დანგრევამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ სხვა უმწვავესი პრობლემების, მათ შორის სუფთა სასმელ წყალსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის წინაშე.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაიღუპა, სულ მცირე, 17 ადამიანი და 31 დაკარგულად ითვლება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.


