
მეორადი სანქციების რისკი: ბიზნესმენთა ნაწილი დაბნეულია
29/06/2023 13:50:46 პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების კოორდინატორებმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ მკაფიოდ თქვეს, თუ რა სახის პროდუქცია არ უნდა მოხვდეს საქართველოდან რუსეთში, თუმცა ბიზნეს წარმომადგენელთა ნაწილი დაბნეულია.
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე–11 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, რომლის მიზანიცაა, ჩაკეტოს ხვრელები, რათა პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მცდელობებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, არ მოხვდეს რუსეთში იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც ევროკავშირთან ვაჭრობენ, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდნენ დიდი ბრიტანეთის, აშშ–ის და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორები.
„ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. თუკი შექმნილი სისტემა გააგრძელებს მუშაობას, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ იმ საქონლის იდენტიფიცირება, რაც არის აკრძალული. ეს არის ახალი სისტემა და მას ვაუმჯობესებთ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ყოველდღიურად. ბევრი დასახლების ელექტროსაქონლით ვაჭრობა იყო ლეგალური გარკვეულ პერიოდამდე, წლის დასაწყისამდე. უკვე თებერვლის ბოლოსკენ ჩვენმა მთავრობამ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. უკვე ამის შემდგომ ჩვენ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტიანი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა, ემბარგოს შემდეგ აღდგა საქართველოში რუსული ექსპორტი. ზოგიერთ გლობალურ კომპანიას საქონელი შემოაქვს საქართველოში, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, ვიდრე თავად რუსეთში. ჩვენი შეხვედრების და ურთიერთობების მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, იციან, რომ ამ დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში.
ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას. საქართველომ, ალბათ, ეს ყველაზე კარგად იცის თავისი გამოცდილებიდან და ესმის ამის მნიშვნელობა", - თქვა ვიზიტის მიზნების განმარტებისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კუმარ აიერმა დაამატა რომ საქართველოში ჩამოსულია 38 დასახელების ელექტროსაქონელზე სასაუბროდ.
ერთ–ერთი მიმართულება, რომელსაც ევროკავშირი, მათ შორის, საქართველოს კონტექსტში დააკვირდება, ავტოიმპორტიორების რეექსპორტია. ავტოიმპორტიორების ცნობით, ევროკავშირიდან რუსეთში იმ ახალი და მეორადი მანქანების ექსპორტი იკრძალება, რომელთაც 1,9 ლ–ზე მეტი მოცულობის ძრავა აქვთ. აკრძალვა ეხება ყველა ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანას. მაგრამ დარგში დასაქმებულებს უჩნდებათ კითხვა, ჩაითვლება თუ არა სანქციებისთვის გვერდის ავლაში ხელშეწყობად, თუ პირობითად, ევროკავშირის ტერიტორიიდან საქართველოში შემოდის ავტომანქანა, ხორციელდება მისი რეექსპორტი ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყანაში და საბოლოოდ, მანქანა ხვდება რუსეთში?
„თუკი მოქალაქეები ევროკავშირიდან ახდენენ ავტომანქანების იმპორტს რუსეთში შემდგომი გატანის მიზნით, ეს მართლაც იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამ დროისთვის მსგავს შემთხვევებზე მტკიცებულებები არ გვაქვს. ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით გაფრთხილებულია და ჩვენ თვალს მივადევნებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში“,– უპასუხა კითხვას ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანმა.
თუმცა, ამგვარი განმარტება ბუნდოვანია დარგის წარმომადგენლებისთვის და ამბობენ, რომ თავად ვერ გააკონტროლებენ პროცესს, შესაბამისად, ვერც პასუხისმგებელნი იქნებიან. ამიტომ, მათი ხედვით, აუცილებელია, საქართველოს მთავრობის მხრიდან მეტი განმარტება, აქტიური კომუნიკაცია ძირითად სავაჭრო ქვეყნებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიშობენ, რომ დაექვემდებარებიან მეორად სანქციებს, რაც მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის ასევე მნიშვნელოვანი დარგისთვის. ამასთან, მათი თქმით, მთავარია, საფრთხე არ დაემუქროს ძირითად ბაზრებს (მაგალითად,ყაზახეთს და ყირგიზეთს) და დარგმა არ დაკარგოს ევროპისა და ამერიკის ბაზრები, მით უფრო, რომ როგორც სანქციების კოორდინატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.
„ხელისუფლება უნდა იყოს შუამავალი ჯგუფსა [სანქციების კოორდინატორებსა] და ბიზნესს შორის. არ უნდა იყოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებების საშუალება, ცენტრალიზებულად უნდა მოგვარდეს პრობლემა და ბიზნესი უნდა იყოს ინფორმირებული“,– ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე.
რაც შეეხება მოლოდინებს, მისი თქმით, სექტორს ჰქონდა განცდა, რომ ტრანსპორტის ის მოცულობა, რაც დღეს რუსეთში გადის, არ იყო კრიტიკული, მაგრამ კოორდინატორებმა დაადასტურეს, რომ „ეს საკმაოდ კრიტიკულია“.
„ბუნებრივია,ეს დააკლდება დარგს, დააკლდებათ ავტოიმპორტიორებს, მაგრამ აქ არის ალტერნატივა: ერთის მხრივ, არის რუსეთი, მეორეს მხრივ – სანქციები. თუ არ შეასრულა ქვეყანამ და დარგმა, 2,5 მილიარდი დოლარის ბაზარს ვკარგავთ“,– ამბობს ნონიაძე და დასძენს, „პრიორიტეტები თავისთავად გამოკვეთილი და განსაზღვრულია“.