მედია: სუროვიკინი მესამე დღეა, ოჯახთან კონტაქტზე არ გასულა, გამქრალია მისი დაცვაც
29/06/2023 07:41:01 მსოფლიო
რუსული ინტერნეტ-არხებით ვრცელდება ცნობები, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხების გამო დაკავებულები არიან უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი და მისი მოადგილე, გენერალი ანდრეი იუდინი, რომლებიც ამ დროისთვის ლეფორტოვოს იზოლატორში იმყოფებიან.
ამ ცნობებს „ეხო მოსკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი გამოეხმაურა. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ გენერალი იუდინი სახლშია, გენერალ სუროვიკინს კი სამი დღეა, ოჯახთან კავშირი არ ჰქონია და კონტაქტზე არც მისი დაცვის თანამშრომლები გადიან.
28 ივნისს, ღამით გამოცემა The Moscow Times რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სერგეი სუროვიკინი დაკავებული იყო პრიგოჟინის მხარდაჭერის გამო. შეკითხვას, სად იმყოფებოდა გენერალი, გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ მაშინ უპასუხა, რომ „ამ ინფორმაციაზე კომენტარი შიდა არხებითაც კი არ კეთდება".
ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. თუმცა პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ამას "სპეკულაცია" უწოდა.
ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერელების“ დაახლოებით 24-საათიანი ამბოხება 23 ივნისს, საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი, ნაწილი კი მოსკოვისკენ დაიძრა.
24 ივნისს, ღამით, ოფიციალური ვერსიით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "სისხლისღვრის რეალური საფრთხის გამო" "სამართლანობის მარშად" წოდებულ ჯანყს წყვეტდა და თავის მებრძოლებს საველე ბანაკებში დააბრუნებდა.
24 ივნისს, გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას წაადგება.


