WSJ: პრიგოჟინი ამბოხების დროს შოიგუსა და გერასიმოვის დაკავებას გეგმავდა
29/06/2023 05:56:15 მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბოხების დროს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაკავებას გეგმავდა დონის როსტოვში მათი ჩასვლისას, – იუწყება The Wall Street Journal (WSJ) დასავლეთის ქვეყნების ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, პრიგოჟინს მოუწია გეგმების შეცვლა და იმპროვიზაცია, რადგან ფსბ-მ შეიტყო მისი გეგმის შესახებ. შედეგად მან დაგეგმილზე ადრე დაიწყო ამბოხება, რაც შესაძლოა, შეიარაღებული ოპერაციის ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი იყო.
როგორც გამოცემის წყაროები ამტკიცებენ, ფსბ-მ შოიგუსა და გერასიმოვის ხელში ჩაგდების გეგმის შესახებ მის სავარაუდო განხორციელებამდე ორი დღით ადრე შეიტყო. პრიგოჟინმა თავისი გამოსვლა, რომელსაც „სამართლიანობის მარში“ უწოდა, 23 ივნისის საღამოს დაიწყო და იმავე დღეს გამოაცხადა, რომ შოიგუ და გერასიმოვი როსტოვიდან „გაიქცნენ“. ნამდვილად იყვნენ თუ არა ისინი იმ დღეს დონის როსტოვში და ზუსტად როდის აპირებდა პრიგოჟინი მათ დაკავებას, ზუსტად არ არის ცნობილი.
მეორე დღეს, დილით „ვაგნერის“ რაზმებმა კონტროლი დააწესეს სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის შენობაზე. პარალელურად იქ იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელმაც, ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ხელი შეუწყო მასა და პრიგოჟინს შორის მოლაპარაკებებს.
WSJ-ის თანახმად, დასავლურმა სპეცსამსახურებმა ასევე წინასწარ იცოდნენ პრიგოჟინის გეგმების შესახებ სატელიტური სურათებისა და ხელში ჩაგდებული ელექტრონული მიმოწერის მეშვეობით და მიიჩნევდნენ, რომ ამბოხებას წარმატების კარგი შანსი ჰქონდა, თუ იგი გეგმის მიხედვით წარიმართებოდა.
უკანასკნელ თვეებში პრიგოჟინი მწვავედ აკრიტიკებდა შოიგუსა და გერასიმოვს და მათ უკრაინის წინააღმდეგ ომის არაკომპეტენტურად წარმოებაში ადანაშაულებდა. მათი გადადგომა ერთ-ერთი ოფიციალური მოთხოვნა იყო „სამართლიანობის მარშისა“, რომლის დროსაც „ვაგნერის“ შენაერთებმა დონის როსტოვი დაიკავეს და თითქმის წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს ასობით კილომეტრი მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე.
არც შოიგუსა და არც გერასიმოვს არ გაუკეთებიათ კომენტარი ამბოხებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. მისი დაწყების შემდეგ გერასიმოვი საერთოდ არ გამოჩენილა საჯაროდ.


