The Moscow Times: პრიგოჟინის ჯანყის შემდეგ გენერალი სუროვიკინი დააკავეს
28/06/2023 19:29:55 მსოფლიო
უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს,– იუწყება რუსული გამოცემა The Moscow Times-ს თავდაცვის სამინისტროს აპარატთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ამ ინფორმაციაზე ოფიციალურად უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
„მასთან დაკავშირებით კარგი ამბავი არ იყო. ძალაუფლებისთვის. მეტს ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ დაკავების მიზეზზე საუბრისას.
„პრიგოჟინის კონტექსტში. როგორც ჩანს, მან [სუროვიკინმა] აირჩია [პრიგოჟინის აჯანყების დროს] მხარე“, - თქვა მეორე წყარომ. კითხვაზე, სად არის ახლა გენერალი, მან უპასუხა: „ამ ინფორმაციაზე ჩვენთან შიდა არხებითაც კი არ კეთდება კომენტარი“.
სუროვიკინის დაკავების შესახებ მანამდე სამხედრო ბლოგერი ვლადიმერ რომანოვი იუწყებოდა. მისი თქმით, რუსი გენერალი დააკავეს 25 ივნისს, პრიგოჟინის აჯანყების მეორე დღეს. მისი თქმით, სუროვიკინი ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
სუროვიკინმა წინასწარ იცოდა ევგენი პრიგოჟინის გეგმების შესახებ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აჯანყების თაობაზე, – წერდა The New York Times ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებიც სადაზვერვო მონაცემებს იცნობდნენ.
მათი თქმით, ახლა ცდილობენ, გაარკვიონ, მონაწილეობდა თუ არა სუროვიკინმა ამბოხების დაგეგმვაში, რომელიც გადაიზარდა მოსკოვისკენ მსვლელობაში და გახდა ყველაზე სერიოზული საფრთხე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის მისი 23 წლიანი მმართველობის განმავლობაში.
The Moscow Times-ის წყაროს თანახმად, ბოლომდე არ არის ნათელი, იცოდა თუ არა სუროვიკინმა პრიგოჟინის აჯანყების შესახებ. ”ის არც თუ მორჩილად მოიქცა, როდესაც დაავალეს, ტექსტი წაეკითხა კამერის წინ, თავს არიდებდა, ძალიან ეთავხედა ხელმძღვანელობას",– - თქვა წყარომ. ამის გამო, მისი თქმით, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ სუროვიკინი "პრიგოჟინის კოალიციის" ნაწილია.


