მედია: პრიგოჟინის ჯანყისას როსტოვის საგზაო პოლიციამ „ფული აკეთა“
28/06/2023 18:44:31 მსოფლიო
რუსეთის როსტოვის ოლქის საგზაო პოლიცია მძღოლებისგან ქრთამს იღებდა შემოვლითი გზებით სარგებლობისთვის რეგიონში "ვაგნერის" მებრძოლების შესვლის დღეს – 25 ივნისის ღამეს,– ამის შესახებ RostovGazeta წერს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ტელეგრამ–არხ Rostov_com–ზე გამოჩნდა. ომსკის მაცხოვრებლები, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდათ, უჩიოდნენ როსტოვის რეგიონში საგზაო პოლიციის მხრიდან თანხის გამოძალვას.
მძღოლები აცხადებენ, რომ სამხედრო პერსონალისთვის ჰუმანიტარული დახმარება სამი მანქანით გადაჰქონდათ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში (როგორც რუსეთში უწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს), თუმცა, საგზაო პოლიციამ არ მოისურვა მათი გაშვება,
”ორი ათასი მანეთი მოითხოვეს სამი UAZ–ის გატარებაში. მათ ეს იმით ახსნეს, რომ მარშრუტი თითქოს გადაკეტილი იყო და თუ დაგჭირდებათ სწრაფად გავლა, ფულის გადახდა მოგიწევთო“, - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა ვიდეომიმართვაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ალტერნატიული გზა შესთავაზეს, რომელიც 1,5 ათასი კილომეტრით უგრძელებდათ მანძილს. ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ საჭირო თანხის გადახდა მოუწია.
24 ივნისის ღამეს "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დაიწყო "სამართლიანობის მარში" მოსკოვის წინააღმდეგ. მანამდე ის ამტკიცებდა, რომ მისი მებრძოლების განლაგების ადგილი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დაბომბა, რასაც 30–მდე მებრძოლი ემსხვერპლა. 24 ივნისს "ვაგნერის" დაქირავებულები დონის როსტოვში შევიდნენ. ისინი დედაქალაქისკენ მიდიოდნენ ვორონეჟისა და ლიპეცკის რეგიონების გავლით. წინსვლისას დაქირავებულებმა დააზიანა გზები, გაანადგურეს მინიმუმ ორი საბრძოლო შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი. რუსული არმიის დანაკარგები 4-დან 20 სამხედროს ითვლის. 24 ივნისს საღამოს, ცნობილი გახდა, რომ ვორონეჟის სოფელ კომინტერნის მახლობლად ჩამოაგდეს ვერტმფრენი Ka-52 Alligator და ორი პილოტი დაიღუპა.


