NYT: პრიგოჟინს შესაძლოა, რუსი გენერლების მხარდაჭერა ჰქონდა
28/06/2023 07:10:27 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილემ, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა, – იუწყება The New York Times. გამოცემის თქმით, მისი წყაროები არიან შეერთებული შტატების ოფიციალური პირები, რომლებიც ამერიკული დაზვერვის მიერ არიან ინფორმირებული.
გამოცემის თანახმად, აშშ ცდილობს, დაადგინოს, ეხმარებოდა თუ არა გენერალი სუროვიკინი პრიგოჟინს პრეზიდენტ პუტინისთვის 23-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე საშიში ქმედებების დაგეგმვაში.
The New York Times–ის წყაროთა ცნობით, არის იმის ნიშნები, რომ სავარაუდოდ, სხვა რუსი გენერლებიც უჭერდნენ მხარს პრიგოჟინის მცდელობას, ძალით შეეცვალა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა.
შეერთებული შტატების მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ პრიგოჟინი ამბოხს არ დათანხმდებოდა, რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი პირების დახმარების იმედი რომ არ ჰქონოდა. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, თუ დადასტურდება, რომ გენერალ სუროვიკინს ამ მოვლენებთან კავშირი აქვს, ეს იქნება ბოლო წვეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში არსებულ დაპირისპირებაში.
ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერელების“ დაახლოებით 24-საათიანი ამბოხება 23 ივნისის საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც მან მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხა. 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა. 24 ივნისს ღამით ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში დაბრუნდებოდნენ. 24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდებოდა. 27 ივნისს ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას, რომლის თანახმად, „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას წაადგება".


