
ISFED - საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე: ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე "ოცნების" გავლენას გაზრდის
28/06/2023 06:49:37 საზოგადოება
"სამართლიანი არჩევნები" (ISFED) აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს ცესკო–სა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.
"აღსანიშნავია, რომ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, 22 ივნისს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე მიღწეული პროგრესის შეფასებისას, განაცხადა, რომ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის საჭიროა აღნიშნულ ცვლილებებზე უარის თქმა. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს. ცვლილებები უარყოფითად იქნა შეფასებული ადგილობრივი ორგანიზაციების მიერაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, მნიშვნელოვანია, შესრულდეს 12 პირობა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაზრდასა და საარჩევნო მიმართულებით ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებას გულისხმობს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესი შეუსაბამოს 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებულ პრინციპებს", - ნათქვამია ISFED-ს განცხადებაში.
26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ 13 ივნისს საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებს. "ქართული ოცნების" ინიციატივით, იცვლება ცესკო–ს დაკომპლექტების წესი. კერძოდ, ცესკო–ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრობის კანდიდატებს, პრეზიდენტის ნაცვლად, შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთანავე, წარდგენილი კანდიდატების თანამდებობაზე სრული ვადით (5 წლით) არჩევას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეძლებს, მაშინ როდესაც ამისთვის მოქმედი რედაქციით პარლამენტის ⅔-ის (100 ხმა) მხარდაჭერა არის საჭირო.