ფსკოვის გუბერნატორმა „პრიგოჟინის ამბოხების" დღეს დაღუპული 2 მფრინავის ვინაობა დაასახელა
28/06/2023 06:19:22 მსოფლიო
რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ რუსეთის არმიის ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაღუპული 2 სამხედროს ვინაობა დაასახელა.
როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, გუბერნატორი მიხაილ ვედერნიკოვი ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ დაღუპულ „გმირ მფრინავებს“ შორის არიან ფსკოვის გარნიზონის სამხედროები, ვერტმფრენ კა-52-ის ეკიპაჟის წევრები ალექსეი ვოროჟცოვი და დენის ოლეინიკოვი.
ცნობილია „პრიგოჟინის ამბოხების“ დროს დაღუპული კიდევ ერთი რუსი მფრინავის ვინაობა. 24 წლის კირილ ბაბაევის მამამ, ანდრეი ბაბაევმა გამოცემა „ასტრას“ განუცხადა, რომ შვილის ცხედრის ამოსაცნობად არ ყოფილა, რადგან უთხრეს, რომ "ამოსაცნობი არაფერია". რაც შეეხება „ვაგნერელების“ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დახურვას, ბაბაევი ამბობს, რომ „თუ საქმის დახურვის სიტყვა პრეზიდენტმა მისცა, ეს სამართლიანია“.
არსებული ინფორმაციით, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, 24 ივნისს, ამბოხების დღეს რუსეთის არმიამ დაკარგა 13 მფრინავი, 6 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი.


