
მიშა მშვილდაძე: "კარფურის" შესასვლელში უცნობმა პირმა სახეში მუშტი დამარტყა"
27/06/2023 16:33:15 საზოგადოება
ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ.
მშვილდაძე ამბობს, რომ მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.
"კარფურის" შესასვლელში უცნობი პირი დამესხა თავს. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ. ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი. იგი უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ. შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები. ალბათ, გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვისენე, ახსენა პატრიარქი "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი", - აცხადებს, "ფორმულას" ცნობით, მშვილდაძე.
შსს–მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო.
მოგვიანებით, მომხდარს გამოეხმაურნენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მედიის ადვოკატირების კოალიცია და სახალხო დამცველი, რომლებმაც მომხდარი დაგმეს და შესაბამის უწყებებს თავდასხმის ეფექტური და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდეს.