პუტინმა აღიარა, რომ "ვაგნერს" რუსეთის სახელმწიფო აფინანსებდა
27/06/2023 14:13:50 მსოფლიო
ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ვაგნერი“ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე კერძო სამხედრო კომპანიამ რუსეთის ხელისუფლებისგან 86 მილიარდ რუბლზე მეტი მიიღო და რომ თანხა გამოიყო დაქირავებულთა უზრუნველსაყოფად.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის კომპანია "კონკორდმა" წელიწადში 80 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა სამხედროებისთვის საკვების მიწოდებით. 110 მილიარდ რუბლზე მეტი ასევე დაიხარჯა სადაზღვევო გადასახადებზე.
”იმედი მაქვს, რომ არავის არაფერი მოუპარავს ან ნაკლები მოიპარა, მაგრამ ჩვენ ყველაფერში გავერკვევით",– დასძინა პუტინმა.
"ვაგნერი", რომლის მებრძოლებიც ეჭვმიტანილნი არიან მრავალ სამხედრო დანაშაულში, მათ შორის, უკრაინაში, სირიაში, აფრიკაში, არის არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირება. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ფორმირებასთან და რომ ის არ არის სამხედრო უწყების ბალანსზე.
მედია კი წერდა, კომპანია ძირითადად "შავი ფულით" ფინანსდებოდა, რომ მისი დაქირავებულები სარგებლობდნენ ხელშეუხებლობით და რომ თავად პროგიჟინი სახელმწიფო კონტრაქტებით მდიდრდებოდა. იყო საუბარი აფრიკაში, საბადოებში მის წილებზეც.
პრიგოჟინიც, რომელსაც პუტინის "შავი საქმეების შემსრულებლად" სახელდებოდა, ასევე ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფდა "ვაგნერთან" კავშირს, დავები ჰქონდა ჟურნალისტებთან, მხოლოდ გასული წლის სექტემბერში აღიარა მისი ხელმძღვანელობა.
იანვარში პრიგოჟინმა თქვა, რომ ის თავად იყო ჩართული კომპანიის უზრუნველყოფაში და რომ უკრაინასთან მთელი ომის განმავლობაში, მის დაქირავებულებს სახელმწიფოსგან დაფინანსება არ მიუღიათ.


