პუტინი – ძალოვანებს: "თქვენ შეაჩერეთ სამოქალაქო ომი"
27/06/2023 11:59:35 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის არმიის, ეროვნული გვარდიის, ფსბ-ს, ფსო-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა „ვაგნერის“ აჯანყების დროს „სამოქალაქო ომის თავიდან აცილებისთვის“.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ღონისძიებას 2,5 ათასი ადამიანი, მათ შორის – რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაესწრო.
„რთულ ვითარებაში თქვენ იმოქმედეთ მკაფიოდ, შეთანხმებულად, საქმით დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება რუსეთის ხალხისა და სამხედრო ფიცისადმი, გამოავლინეთ პასუხისმგებლობა სამშობლოს ბედისა და მომავლის მიმართ", –მიმართა პუტინმა დამსწრე საზოგადოებას.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.


