"ვაგნერს" მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩამოართვეს
27/06/2023 08:46:57 მსოფლიო
მიმდინარეობს მზადება, მძიმე სამხედრო ტექნიკის "ვაგნერისგან" რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის გადასაცემად,– იუწყება რუსული სახელისუფლებო სააგენტო TASS ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
მანამდე პუტინმა "ვაგნერელებს" შესთავაზა, კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმონ, უარი თქვან სამსახურზე ან გადავიდნენ ბელარუსში.
მედია წერს, რომ ბელარუსში სამხედრო ბანაკი მზადდება "ვაგნერის" მებრძოლებისთვის. ამასთან, იუწყებიან, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის თვითმფრინავი ბელარუსში დაეშვა.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.


